ვახტანგ ლიჩელი დაიბადა 1948 წლის 16 აპრილს, ქალაქ ბორჯომში. მან 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1970 წლიდან იგი ჩართული იყო ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის საველე სამუშაოებში, რომელსაც ხელმძღვანელობდა გამოჩენილი ქართველი არქეოლოგი, აკადემიკოსი, პროფ. ოთ. ლორთქიფანიძე. სწორედ მისი ხელმღვანელობით ჩატარებულმა სამუშაოებმა ითამაშა გადამწვეტი როლი ბატონი ვახტანგის მიერ პროფესიის შერჩევაში. ამავე ექსპედიციაში მიეცა ვ. ლიჩელს პირველი დამოუკიდებელი საველე სამუშაოების წარმოების საშუალება – მას დაევალა დაეწყო არქეოლოგიური გამოკვლევები ვანის ქვედა ქალაქში – საყანჩიას ველზე, სადაც იგი წლების მანძილზე აწარმოებდა კვლევებს. მან მიაკვლია და შეისწავლა ნამოსახლარის დიდი ნაწილი, საცხოვრებელი და საკულტო ნაგებობები, საწარმოო უბანი, მრავალრიცხოვანი ადგილობრივი და იმპორტული კერამიკული ნაწარმი, ტერაკოტული ფიგურები და სხვა. ვ. ლიჩელის მიერ მოპოვებული ეს მასალა დაედო საფუძვლად მის საკვალიფიკაციო ნაშრომს, რომელიც წარმატებით დაიცვა 1981 წელს და მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. ვანის ექსპედიციაში და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრში მუშაობის პერიოდში დაგროვილი სამეცნიერო გამოცდილება, აგრეთვე, ლენინგრადისა (ერმიტაჟი და არქეოლოგიის ინსტიტუტის ლენინგრადის ფილიალი) და მოსკოვის ბიბლიოთეკებში მიღებული ცოდნა გახდა საფუძველი იმ მონოგრაფიული გამოკვლევისა, რომელიც ძველი საქართველოს ისტორიისა და არქეოლოგიის ერთ-ერთ კარდინალურ საკითხს – ელინიზმის საქართველოში გავრცელების საკითხს ეხებოდა. ნაშრომი წარდგენილი იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად, რაც წარმატებით დასრულდა 1991 წელს და ვ. ლიჩელს მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. ამ ნაშრომზე მუშაობის პროცესში ბატონმა ვახტანგმა შეისწავლა კოლხეთისა და იბერიის ძვ.წ. IV-ახ.წ. IV საუკუნეების არქეოლოგიური მასალა, კერძოდ, ადგილობრივი კერამიკული ნაწარმი და მასზე დატანილი ნიშნები, რომელებიც მანამდე “გაურკვეველ ნიშნებად” იყო აღიარებული და მივიდა უაღრესად მნიშვნელოვან დასკვნამდე – ანტიკური ხანის ადგილობრივ ნაწარმზე ამოკაწრული ნიშნები წარმოადგენენ პროტო-ქართული დამწერლობის ასოებს და შესაბამისად, ვ. ლიჩელმა პირველმა დაასაბუთა დოკუმენტურად, რომ ანტიკური ხანის საქართველოში (ასომთავრულის შემოღებამდე) არსებობდა ადგილობრივი დამწერლობა, რომელსაც თითქმის 800 წლის მანძილზე იყენებდა ძველი საქართველოს მოსახლეობა. მის მიერ გაკეთებული ეს დასკვნა ამჟამად უკვე აღიარებულია უცხოელი სპეციალისტების მიერ (ჰ. ფეინრიხი, გერმანია. თუმცა, განსხვავებულია აზრი იმის შესახებ არის ეს დამწერლობა ანბანური თუ სილაბური).
ბატონი ვახტანგის სამეცნიერო ინტერესები იმ ხანად არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ კოლხეთის ძველი ისტორიისა და არქეოლოგიის თემით. მან თავიდანვე აუღო ალღო არქეოლოგიის თანამედროვე მოთხოვნებს, არქეოლოგიის ზუსტი მეცნიერების დარგებთან დაახლეობის აუცილებლობას და საქართველოში პირველმა (1977 წელი) გამოიყენა კომპიუტერული ტექნიკა (ანუ მაშინდელი ელექტრო-გამომთვლელი მანქანები) არქეოლოგიური კლასიფიკაციის პრობლემების გადასაჭრელად. ეს ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა, რასაც სხვა გამოკვლევები მოჰყვა უკვე არქეოლოგიის თეორიის დარგში. კერძოდ, 1987 წელს მანვე დაამუშავა ფენის თეორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი – არტეფაქტების კულტურულ ფენებში განფენის რაოდენობრივი შეფასების მათემატიკური კრიტერიუმი (“ფენის ნაჯერობა”), რაც “ახალი არქეოლოგიის” მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო საქართველოში. ამჟამად ვ. ლიჩელი თსუ-ს ფიზიკოსებთან ერთად ამუშავებს დათარიღების თანამედროვე მეთოდებს (ელექტრო- პარამაგნიტური რეზონანსი და კერამიკის დეჰიდრაცია).
1983 წელს ჩამოყალიბდა ქუთაისის არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელიც სამ რაზმად დაიყო და დაიწყო ინტენსიური არქეოლოგიური გათხრები ბაგრატის ტაძრის, გაბაშვილების გორისა და “ქუთაისის ქვეყნის” სიძველეთა შესასწავლად. ვახტანგ ლიჩელი ხელმძღვანელობდა “ქუთაისის ქვეყნის” შემსწავლელ რაზმს. ქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე ჩატარებული კვლევების შედეგად რაზმმა აღმოაჩინა სამი მანამდე უცნობი არქეოლოგიური ძეგლი - ძვ.წ. II-I საუკუნეების ციხიას სატაძრო კომპლექსი, სარბევის გორის ძვ.წ. VI-IV საუკუნეების ნამოსახლარი და გეგუთის ძვ.წ. IV–II სს-ბის ნამოსახლარი.
ვ. ლიჩელის სამეცნიერო ინტერესებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენი ქვეყნის ისეთი უნიკალური კუთხის შესწავლას, როგორიც სამხრეთი საქართველოა. XX საუკუნის 80-იან წლებამდე სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე სრულიად უცნობი იყო ანტიკური ხანის ნამოსახლარები. წერილობითი წყაროების ანალიზის შედეგად ბატონმა ვახტანგმა აწყურში მიაკვლია ამ რეგიონში ჯერ-ჯერობით ერთადერთ ანტიკური ხანის ნამოსახლარსა და სამაროვანს. არქეოლოგიური აღმოჩენების წერილობით წყაროებთან შეჯერების საფუძველზე ვ. ლიჩელმა დაადგინა, რომ “ქართლის ცხოვრების” ჩანართში მოცემული თხრობა ანდრია მოციქულის სამცხეში მოღვაწეობის შესახებ ზუსტად შეესაბამება არქეოლოგიურ კომპონენტებს. მის მიერვე აქვე შესწავლილი სამარხეული კომპლექსების მიხედვით დადგინდა, რომ აქ ჯერ კიდევ ძვ.წ. XVI საუკუნის დასაწყისში მოვიდა მოსახლეობა, რომელიც თავისებური მიკროკულტურის მატარებელი აღმოჩნდა. ამ მოსაზრებას საფუძვლად დაედო ის მატერიალური კულტურა, რომელიც შუა ბრინჯაოს ხანის მიწურულის ორ სამარხში აღმოჩნდა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აწყურის ნამოსახლარი იყო ის ერთ-ერთი პირველი არქეოლოგიურ ძეგლთაგანი, სადაც ერთობლივი ქართულ-უცხოური არქეოლოგიური ექსპედიცია ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ 1994 წელს და დაიწყო საერთაშორისო პროგრამების განხორციელება. ბატონი ვახტანგის პირველი სამეცნიერო პარტნიორი იყოს მონრეალის (კანადა) მაკ-გილის უნივერსიტეტი. ამავე ხანიდან იწყება ვ. ლიჩელის ინტენსიური სამეცნიერო ურთიერთობები ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტებთან და ინსტიტუტებთან. მან სამჯერ (1992, 1994, 1999) მიიღო გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის (ათენი) სტიპენდია; სამჯერ გერმანიის უდიდესი სამეცნიერო ფონდის DAAD –ს სტიპენდია (2013, 2014, 2016 წწ); ორჯერ - მონრეალის უნივერსიტეტის სტიპენდია (1994, 1995); სამჯერ დიდი ბრიტანეთის აკადემიის “შავი ზღვის ინიციატივის” სტიპენდია (2003, 2004, 2005 ); ევროსაბჭოს სტიპენდია (სტრასბურგი, 2000 წელი); USAID- ის გრანტი (2006); ლუვრის მუზეუმის (საფრანგეთი) გრანტი – 2009; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სტიპენდია – 2010; ვახტანგ ლიჩელის ეს საერთაშორისო ურთიერთობები გადაიზარდა ერთობლივ სამეცნიერო პროექტებში: იგი სხვადსხვა დროს ხელმძღვანელობდა ქართულ-ავსტრიულ (ინსბრუკის უნივერსიტეტი), ქართულ-შოტლანდიურ (ედინბურგი), ქართულ-იტალიურ (ვენეცია), ქართულ-გერმანულ (იენა და ნიურნბერგი), ქართულ-ფრანგულ (ბორდო) არქეოლოგიურ პროექტებს.
საერთაშორისო არქეოლოგიური პროექტების ხელმძღვანელობა გრძელდება კ. კვიპროსზე – ვ. ლიჩელი 2015 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს ქართულ არქეოლოგიურ მისიას კვიპროსზე, სადაც მიკვლეულია აქამდე უცნობი ორი ქართული ეკლესიის ნაშთი (ალამინოსისა და სოფტადესის წმ. გიორგის ეკლესიები) და მიმდინარეობს მათი კვლევა.
ამჟამად ვ. ლიჩელს იაპონელ პარტნიორებთან ერთად (კობეს უნივერსიტეტი) დაწყებული აქვს ბერძნული კოლონია ფაზისის დღემდე უცნობი ლოკალიზაციის პროექტი ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით (LIDAR და RADAR).
საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით ბატონო ვახტანგი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმ სალექციო კურსებს საქართველოს ძველი ისტორიისა და არქეოლოგიის შესახებ, რომელსაც იგი კითხულობს უცხოეთის უნივერსიტეტებში. იგი არის სამი ევროპული უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი – 2013 წელს ლექციებს კითხულობდა ლეიდენის (ჰოლანდია), 2011 და 2015 წლებში ინსბრუკის (ავსტრია) და 2017 წელს ვენეციის კა ფოსკარის (იტალია) უნივერსიტეტებში. ასეთივე ლექცია წაიკითხა მან იაპონიაშიც (კობე, 2018).
ბატონო ვახტანგის სამეცნიერო ურთიერთობები აისახა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობაშიც: იგი 2010 წლიდან დღემდე არის იუნესკოს საქართველოს კომისიის “ადამიანი და გარემო” წევრი; ISMEO-ს (მახლობელი და შორეული აღმოსავლეთის იტალიური ინსტიტუტი, რომი) წევრი 2017 წლიდან და SAA-ს (ამერიკის არქეოლოგთა საზოგადოება) წევრი 2018 წლიდან. ვ ლიჩელი იყო და არის სხვადასხვა ორგანიზაციისა და კომისიის წევრი: საქართველოს საუწყებათაშორისო სალიცენზიო კომისიის წევრი; საქართველოს მოძრავი ძეგლების რეესტრის სახელმწიფო კომისიის წევრი; საქართველოს დამოუკიდებელ ჟურნალისტთა კავშირის წევრი (1991 წლიდან), აგრეთვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის სადისერტაციო საბჭოს წევრი (2000 – 2004) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრთან არსებული არქეოლოგიისა და ნუმიზმატიკის სადისერტაციო საბჭოს წევრი და თავმჯდომარის მოადგილე (1996 – 2003).
ბატონო ვახტანგის სამეცნიერო საქმიანობის ცალკე სფეროა სარედაქციო საქმიანობა - არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ჟურნალ “ძიებანის” სარედაქციო საბჭოს წევრი (1997-2003; კრებულის “მილსადენის არქეოლოგია” რედაქტორი (2 ტომი); ჟურნალ “ინტერდისციპლინარული არქეოლოგიის” რედაქტორი ( 2 ტომი); ჟურნალის “Caucasus Journal of Social Sciences ” სარედაქციო საბჭოს წევრი (2007 წლიდან დღემდე); ჟურნალის “Ancient civilization from Scythia and Siberia” (ჰოლანდია) მრჩეველთა საბჭოს წევრი (2003 წლიდან დღემდე). ჟურნალ “PRO GEORGIA. Journal of Kartvelological Studies”-ს (პოლონეთი) მრჩეველთა საბჭოს წევრი (2017 წლიდან).
ქართული არქეოლოგიის სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაციის მნიშვნელოვანი სფეროა სამუზეუმო საქმიანობა და გამოფენების მოწყობა. ბატონი ვახტანგი რამდენიმე გამოფენის ავტორი და ორგანიზატორია: 1982 – ვანის მუზეუმის რეექსპოზიცია; 1991 – ბორჯომის მუზეუმის რეექსპოზიცია; 1996 – 1999 - ქართულ სიძველეთა გამოფენები (კანადა, საბერძნეთი); 2015 – გამოფენა ნიურნბერგში (გერმანია); 2016 – გამოფენა იენაში (გერმანია).
არქეოლოგიის პოპულარიზაციის მიმართულებით რეალიზებული პროექტებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია 80-იან წლებში განხორციელებული სატელევიზიო თოქ-შოუ, რომლის ავტორი და წამყვანი ვ. ლიჩელი იყო. ეს იყო არქეოლოგიური კვლევებისა და მიღწევებისადმი მიძღვნილი პირველი სპეციალურ გადაცემათა ციკლი. ამავე საქმიანობის გაგრძელება იყო ვ. ლიჩელის მოღვაწეობა დრამატურგიაში – იგი არის რამდენიმე დოკუმენტური ფილმის ავტორი და ერთი სპექტაკლის სცენარის თანაავტორიც (სპექტაკლი დაიდგა ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახ. თეატრში და თბილისში, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში).
ცალკე უნდა აღინიშნოს ბატონი ვახტანგის საზოგადოებრივი მოღვაწეობის შესახებ: საბჭოთა პერიოდში, 80-იან წლებში დაწყებული ე.წ. “გლასნოსტის” დროს, ბატონმა ვახტანგმა ერთ-ერთმა პირველმა საქართველოში გამოაქვეყნა დიდი საბჭოთა პროექტის (“ტრანსკავკასიური რკინიგზა”) საწინააღმდეგო ვრცელი წერილი, რომელსაც შედეგად საზოგადოების პროგრესული ნაწილის მძაფრი რეაქცია მოჰყვა და ამ პროტესტის წყალობით პროექტი საბოლოოდ ჩაიშალა და ამითი გადარჩა არაგვის ხეობის უნიკალური ბუნებრივი სამყარო და რაც მთავარია, არ გაიჭრა კიდევ ერთი გვირაბი კავკასიონის ქედში და შენარჩუნებული იქნა ავთენტური ბუნებრივი გარემო.
ვახტანგ ლიჩელი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ახალგაზრდა არქეოლოგთა აღზრდის საქმეს. მას შემდეგ, რაც იგი აირჩიეს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტისა და არქეოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელად (2010 წლიდან), მან რადიკალურად შეცვალა არქეოლოგიის მიმართულების სასწავლო პროგრამა და იგი მთლიანად მიუსადაგა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, მომავალი არქეოლოგებისათვის სავალდებულო საგნებად შემოიღო ისეთი დისციპლინები, რომელიც მანამდე არ ისწავლებოდა: ლითონების ტექნოლოგია, მათემატიკურ-სტატისტიკური მეთოდები, ეკოლოგიური არქეოლოგია, გეოლოგია-გეომორფოლოგია, მინერალოგია, არქეოლოგიური პროექტების მენეჯმენტი და სხვა.
ვ. ლიჩელს აღზრდილი ჰყავს ათეულობით ბაკალავრი, მისი ხელმძღვანელობით შეასრულა ნაშრომები ათეულობით მაგისტრანტმა, მისი ხელმძღვანელობით ორმა სტუდენტმა დაიცვა სადოქტორო ნაშრომი და მიიღო მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, ხოლო ამჟამად ბატონი ვახტანგი ხელმძღვანელობს რამდენიმე საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომს.
სტუდენტ-არქეოლოგთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის მიზნით ვ. ლიჩელმა დაარსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული მხარდაჭერით უკვე თერთმეტჯერ ჩატარდა ახალგაზრდა არქეოლოგთა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც ქართველ სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობენ ამერიკის, ავსტრალიისა და ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტის წარმომადგენლები: მელბურნის (ავსტრალია), ედინბურგის (შოტლანდია), ვარშავის, ლოძის, გდანსკის, ნიკოლას კოპერნიკის უნივერსიტეტი, მეცნიერებათა აკადემია (პოლონეთი), ინსბრუკი (ავსტრია), სტამბოლი, ანკარა (თურქეთი), თეირანი (ირანი), დურჰამი (ინგლისი), ლეიდენი (ჰოლანდია), იენა (გერმანია), ოქსფორდი (ინგლისი), აარჰუსი (დანია), შეფილდი (ინგლისი), ბოლონია, ვენეცია (იტალია), ბორდო (საფრანგეთი) და სხვა.
სტუდენტთა ხელშეწყობას ემსახურება ვ. ლიჩელის მიერ გამოცემული დამხმარე სახელმძღვანელოებიც (“საველე არქეოლოგიური კვლევის მეთოდოლოგია” და “არქეოლოგიის მართვის საკითხები”).
მიუხედავად ვ. ლიჩელის ასეთი ფართო ინტერესებისა, მისი მთავარი მიზანი არის სამეცნიერო მოღვაწეობა, რომელიც თანაბრად მოიცავს როგორც საველე არქეოლოგიურ სამუშაოებს, ისე თეორიული სახის გამოკვლევებს.
წლების მანძილზე იგი მონაწილეობდა ან ხელმძღვანელობდა საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებულ გათხრებს - ვანი, ნასტაკისი, ძალისა, აბასთუმანი, წნისი, ბენარა, ასპინძა, წაღვერი, მზეთამზე, იგოეთი, თმოგვი, ურბნისი, ოთარშენი, ბერთაყანა, ფოთი, ჩიბათი, ურეკი, ვალე, აწყური, ფარავნის ტბა და სხვა.
უკანასკნელ წლებში ვ. ლიჩელი ხელმძღვანელობს არქეოლოგიურ გათხრებს გრაკლიან გორაზე, სადაც მან მიაკვლია საქართველოსა და კავკასიაში უძველეს წარწერებს (ძვ.წ. X საუკუნე). ბატონი ვახტანგის ამ აღმოჩენამ დიდი საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია და სრულიად ახლებურად დააყენა საკითხი ძველი დამწერლობების წარმოშობა-გავრცელების შესახებ. ამ დამწერლობათა ანალიზს მიეძღვნა ბატონი ვახტანგის ბოლო წლების მოხსენებები კონფერენციებზე იენაში, ნიურნბერგში (გერმანია), პეტერბურგში, მოსკოვში (რუსეთი), ინსბრუკში (ავსტრია) და ბრიუსელში (ბელგია).
ბატონი ვახტანგი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, უკრაინა, თურქეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, იტალია, ავსტრია, საფრანგეთი, ინგლისი, გერმანია, კანადა, ესპანეთი, პოლონეთი, შვედეთი, იაპონია). იგი ავტორია 100-მდე ნაშრომისა, რომლებიც გამოცემულია მრავალ ქვეყანაში (საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში, საბერძნეთში, რუსეთში, პოლონეთში, ინგლისში, დანიაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიაში, ურუგვაიში).
ვახტანგ ლიჩელის მოღვაწეობა აღნიშნულია რამდენიმე ჯილდოთი. მას მინიჭებული აქვს:
2013 - საქართველოს პრეზიდენტის “ბრწყინვალების ორდენი”
2016 – წმ. გრიგოლ ფერაძის პრემია (პოლონეთი).
2018 - ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო მედალი.
2018 - ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივ. ჯავახიშვილის სახელობის მედალი.
ვ. ლიჩელი არის ქ. ბორჯომის საპატიო მოქალაქე.
ვ. ლიჩელი ვეტერანი მორაგბეა.